art-dekos-stili-interieris-dizainshi
ინტერიერის დიზაინერი

არტ-დეკოს სტილი ინტერიერის დიზაინში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

591

0

10.11.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

არტ-დეკო -  დახვეწილი, მსუბუქი, ეკლექტიკური სტილი ინტერიერის დიზაინში. სიტყვასიტყვით არტ-დეკო ნიშნავს "დეკორატიულ ხელოვნებას". ის გასული საუკუნის გარიჟრაჟზე გამოჩნდა ნეოკლასიციზმისა და თანამედროვეობის ელემენტების ოსტატურად შერევის შედეგად. მრავალი ათეული წლის შემდეგაც კი მისი ელეგანტური ინტერიერი პოპულარობის პიკზეა.


ვის შეეფერება არტ - დეკოს სტილი?

ვიზუალური ხელოვნების ახალი ფორმების და სხვა პროგრესული ფენომენების გამოჩენას დაემთხვა სინთეზური მასალების მასობრივი გამოყენების დაწყება. ამ თანხვედრამ პირდაპირი გავლენა იქონია არტ-დეკოს სტილის ფორმირებაზე. ამიტომაც გამოიყურება ის შეგნებულად პრეტენზიულად და შესამჩნევად ძვირადღირებულად. არტ-დეკოს ინტერიერს ძნელად შეიძლება ეწოდოს მყუდრო და მართლაც ის თითქოს გამიზნულია იმისთვის, რომ გააოცოს და აღაფრთოვანოს მნახველები და მიანიშნოს მფლობელის ექსტრავაგანტულ და თამამ გემოვნებაზე. აქ ყველა დეტალი გააზრებულია უმცირეს ნიუანსამდე.  ინტერიერის დიზაინის ამ მიმართულებას ყველაზე ხშირად ირჩევენ ელიტური კლასის წარმომადგენლები, მათ არ ეშინიათ თამამი გადაწყვეტილებების, უყვართ ფუფუნებით ცხოვრება და იციან როგორ გააოცონ საზოგადოება ექსკლუზიური ნივთებით.


სტილის გამორჩეული მახასიათებლები

1. გეომეტრიული ორნამენტი - ზიგზაგები, რომბები, წრეები და სხვა ამდაგვარი განმეორებადი ელემენტები გამოიყენება იატაკზე, კედლებზე, აგრეთვე  რბილი ავეჯის დაფარვაზე, ტექსტილზე და ა. შ...
2. რბილი განათება - ნათურის თბილმა, არაკაშკაშა შუქმა უნდა შექმნას მომადუნებელი ატმოსფერო.  რეკომენდებულია ჭერისა და კედლის ნათურები გეომეტრიული ფორმებით, ლითონის დეტალებითა და შავი ელემენტებით.
3. კონტრასტები და ნათელი კონტურები -  კლასიკური არტ-დეკოს ფერი შავ - თეთრი ფერების კომბინაციაა, რომელიც დაფუძნებულია ფორტეპიანოს კლავიშების სტილიზაციაზე. კომბინაციას მეტ სიმძაფრეს ანიჭებს მეტალის პრიალა ოქროსფერი ან ქრომირებული ელემენტები.
4. სტილიზაცია სარკეებით - დიზაინერები ინტერიერში ქმნიან სარკეების, მინის და ლითონის ისეთ კომპოზიციებს, რომელსაც მზის პირდაპირი შუქი ეცემა და ქმნის განუმეორებელ მოცმციმე და მბრწყინავ ეფექტს. ასეთი ხელოვნების ობიექტი მაშინვე ყურადღების ცენტრში ხვდება და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
5. საფეხურის მსგავსი ფორმები - არტ-დეკო მოდერნიზმის გლუვი და მომრგვალებული ფორმების საპირისპიროდ გამოირჩევა მკვეთრი საფეხუროვანი ფორმებით: მრავალდონიანი ჭერი, ბლაგვი ან მკვეთრკუთხიანი ნიშები კედლებში, წახნაგოვანი კუთხეები და ა. შ...
6. სტილის პოპულარული პრინტები - ყველაზე ხშირად, არტ-დეკოს ინტერიერის დიზაინში გამოიყენება შემდეგი პრინტები:
ა) თხელი ან სქელი ზოლები;
ბ) წრეების, რომბების ან კვადრატების გამეორება;
გ) ყვავილების მოტივები ტექსტილის დიზაინში;
დ) ცხოველების ანაბეჭდები და ტყავის იმიტაცია, მაგ: საწოლის გადასაფარებელი ან ხალიჩა ზებრას ტყავის იმიტაციით შესანიშნავი დამატება იქნება მკაცრი ინტერიერისთვის.

დიზაინი გემოვნებიანი ადამიანებისთვის

მეტის გაგება

მასალები

სივრცის გაფორმებისას ძირითადად გამოიყენება  ძვირადღირებული ბუნებრივი მასალები: მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავი, ძვირფასი ჯიშის ხე, მაღალი ტექნოლოგიებით დამუშავებული მინა, სპილოს ძვალი, ალუმინი, უჟანგავი ფოლადი, პრიალა კერამიკული ან ქვის ფილები. ეს ყველაფერი არტ-დეკოს განუყოფელი ნაწილია.


ავეჯი

ავეჯი დამზადებული უნდა იყოს ხარისხიანი და ძვირადღირებული მასალისგან. რეკომენდებულია მყარი ხის ჯიშები: მუხა, ვარდის მერქანი, წიფელი, კაკალი, ვენგე, აბანოზი და ა.შ... დასაშვებია როგორც ხის ნატურალური ფერი, ასევე შეღებილი ვარიანტები.
ავეჯი შეირჩევა შემდეგი პრინციპით: ღია, უკედლებო სივრცისთვის რეკომენდებულია მუქი ფერის ავეჯი  და პირიქით. სივრცე რომ შეკრული და ელეგანტური გამოვიდეს, ავეჯის მიქსები ძვირადღირებულად უნდა გამოიყურებოდეს. ამ ტენდენციის თვალსაჩინო თვისებაა აქსესუარების გამოყენება მოძრავი სილუეტებით. დეკორატიული შუშის ჩანართებით გაფორმება მკაცრ ინტერიერს აბალანსებს და ჰარმონიულს და საინტერესოს ხდის. აგრეთვე რეკომენდებულია შუშის დეტალების გამოყენება ლითონთან კომბინაციაში: ლითონის ყავის მაგიდა შუშის დეტალებით, სასადილო მაგიდა მინის ზდაპირით, ლითონის თარო ფერადი მინის ორნამენტებით და ა.შ... მაგიდების, სკამების, საწოლის, კარადის და სხვა ავეჯის ფეხები ხშირად გამოირჩევა უჩვეულო, ორიგინალური ფორმებით.
რაც შეეხება რბილ ავეჯს, აქ უპირატესობა ენიჭება ნატურალურ ტყავს, ხავერდს, ალკანტარას, ასევე, კონტრასტული გეომეტრიული ფიგურებით ნაქსოვ ტექსტილს. ამ ავეჯის დიზაინი ხშირად პრეტენზიულია: ელეგანტური მაღალი ტრაპეციული ზურგი, მდიდრული ჩუქურთმები, გეომეტრიული ორნამენტები და მბზინავი ლითონის დეტალები. პატარა, ლულის ფორმის სავარძლები არტ-დეკოს სავიზიტო სტილია.
ფერწერული ტილოების შემთხვევაში, მიზანშეწონილია, მფლობელებმა ერთ სივრცეში გამოიყენონ არაუმეტეს ორი ხელოვნების ნიმუში, რათა არ მოხდეს ოთახის ზედმეტად გადატვირთვა.


ინტერიერის ფერი და დეტალები

ინტერიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ფერი, რომელიც ხაზს უსვამს ბინის დიზაინის სტატუსს. მაგალითად, კრემისფერ - ოქროსფერის ტანდემი იდეალურად მოერგება ძვირადღირებული საძინებლს, რომლის ეფექტს გაამძაფრებს სარკეებისა და ბროლის ბრწყინვალება. კაბინეტის დეკორაციის სტილის ხაზგასასმელად საკმარისია მუქი ჩრდილები, მდიდრული ლაქირებული ხე, რამდენიმე ძვირადღირებული მოწყობილობა და მაღალი ხარისხის ტყავის ავეჯი ოქროსფერი აქცენტებით. კიბის მოაჯირისთვის რეკომენდებულია (თუ ის ინტერიერში არსებობს) გამოიყენოთ დარტყმაგამძლე მინის ან ლითონის ელეგანტური დეტალები.
არტ-დეკოს კლასიკური ფერებია შავი და თეთრის კონტრასტი. კედლები, როგორც წესი, სადაა, მაგრამ ხშირად დეკორატიული, ზოგჯერ კედლებზე გეომეტრიული ფიგურები, ზოლები ან ზიგზაგებია გამოყენებული. კედლებს აგრეთვე იდეალურად მიესადაგება თეთრი, სპილოსძვლისფერი, კრემისფერი, ყავისფერი, ტერაკოტა. ხოლო ისეთი ფერები, როგორიცაა ალისფერი წითელი, მეწამული, ოქროსფერი, ლიმონისფერი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი, კაშკაშა ყვითელი, ლურჯი გამოიყენება როგორც ფერის აქცენტები დეკორატიულ ჩანართებში და მოზაიკის პანელებში. მონოქრომული კედლები წარმოადგენს მათთვის ნეიტრალურ ფონს.


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები