aveji-sabavshvo-otaxistvis
ავეჯის დამზადება

ავეჯი საბავშვო ოთახისთვის

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

719

0

18.10.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რა არის იმაზე სასიამოვნო, როცა ოჯახში პატარა წევრის მატებაა და დგება დრო, როცა მოსიყვარულე მშობლებმა მის პირად სივრცეზე უნდა იზრუნონ და ამ სივრცის მოსაწყობად ავეჯი შეუკვეთონ. საბავშვო ოთახისთვის ავეჯის შერჩევა სახალისო, მაგრამ საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან საბავშვო ოთახი სახლის შუაგულში მდებარე განსხვავებული სამყაროა, შესაბამისად, ყველა მშობელს სურს მაქსიმალურად მყუდროდ და კომფორტულად მოაწყოს. ამის გაკეთება ჩვენს დროში ნამდვილად არ არის რთული, რადგან ავეჯის მწარმოებლ კომპანიებს უკვე მრავალფეროვანი არჩევანის შემოთავაზება და ნებისმიერი სირთულის დიზაინის ავეჯის დამზადება შეუძლიათ: ავეჯი ტრანსფორმერი; ავეჯი, რომელიც ბავშვთან ერთად „იზრდება“; თემატური ავეჯი და ა.შ.. ასარჩევი ვარიანტების სიმრავლემ არ უნდა დაგაბნიოთ  და არჩევანი უნდა გააკეთოთ  ყველა იმ მნიშვნელოვანი კრიტერიუმის და მახასიათებლის გათვალისწინებით, რაც თქვენი შვილსთვის აუცილებელია.


ბავშვის ასაკი

ბავშვის ასაკი ყველაზე გასათვალისწინებელი კრიტერიუმია საბავშვო ოთახისთვის ავეჯის არჩევისას, რადგან  განსაზღვრავს თუ კონკრეტულად რისგან უნდა შედგებოდეს ავეჯის ნაკრები.
1. ახალშობილი
თუ თქვენ აწყობთ ოთახს ახალშობილი ბავშვისთვის, მაშინ აქცენტი უნდა გააკეთოთ ახალგაზრდა დედის ინტერესებზე, შეუქმნათ ის სივრცე სადაც ყველა პირობა ექნება, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე  მოუაროს ბავშვს. ამისთვის დაგჭირდებათ მოხერხებული კომოდი ბავშვის ტანსაცმლისთვის, პამპერსის გამოსაცვლელი კომფორტული მაგიდა, ფუნქციური საწოლი ბავშვისთვის და ა. შ...
2. სკოლამდელი ასაკი
„მზარდი“ ავეჯი ყველაზე მეტად სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვისაა შესაფერისი. პაწაწინა ზომის სკამი, მაგიდა თუ საწოლი ძალიან სწრაფად ხდება გამოუყენებელი ბავშვის სწრაფი ზრდის გამო, ამიტომ ყოველ წელს რომ არ ცვალოთ ავეჯი, სჯობს ისეთი ავეჯის შეუკვეთოთ, რომელიც რეგულირდება ბავშვის სიმაღლის მიხედვით  და „იზრდება“ მასთან ერთად. აგრეთვე, ამ ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელია ყუთის ტიპის სათავსოები სადაც მოხერხებულად განათავსდება სათამაშოები.
3. უმცროსკლასელი
უმცროსკლასელის ოთახისთვის ავეჯის შერჩევა შედარებით უფრო რთულია. სივრცე უფრო კომპლექსურად უნდა იყოს ორგანიზებული. ძილისთვის და გართობისთვის განკუთვნილ ზონას ემატება სამეცადინო სივრცე, ისეთი მაგიდით და სკამით, რომელიც დააკმაყოფილებს ბავშვთა ერგონომიკის მაღალ მოთხოვნებს. ეს ის ასაკია, როცა ბავშვმა საკუთარ ნივთებზე ზრუნვა უნდა ისწავლოს, ამისთვის დამატებით საჭირო გახდება კომფორტული გარდერობის და წიგინის თაროების შეკვეთა.
ამ ასაკში სასურველია ბავშვმა კითხვა შეიყვაროს და თუ შეუქმნით შესაბამის გარემოს ეს სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. ეცადეთ საკითხავი კუთხე ორიგინალური იყოს, მაგალითად, თუ ფანჯრის რაფის სიგანე იძლევა საშუალებას, შეგიძლიათ ფანჯარა მყუდრო საკითხავ ადგილად აქციოთ. დაამაგრეთ რბილი ზედაპირი და მორთეთ მოხერხებული ბალიშებით, დაამონტაჟეთ წიგნის თარო. აუცილებელია სწორად გათვლილი განათება, რომ პატარას მხედველობას საფრთხე არ შეექმნას. ფანჯრის ქვეშ მოათავსეთ ფეხების საყრდენი პუფი. ასე თქვენ შექმნით სულიერი განვითარებისთვის უნიკალურ გარემოს. არ დაგავიწყდეთ ფანჯარაზე დაამონტაჟოთ სპეციალური დამცავი ბადე!
4. გარდამავალი ასაკი
„ტინეიჯერის“ ოთახის მოწყობისას უკვე სრულიად უნდა დაეყრდნოთ მის გემოვნებას და მოთხოვნებს. მზად უნდა იყოთ, რომ ეს მოთხოვნები იქნება მრავალფეროვანი და უცნაური. ერთადერთი რაც არ იცვლება ეს არის კომპიუტერის მაგიდა, კომფორტული საწოლი ან დივანი, სადაც შესაძლებელია სტუმრების დასხდომა. შესაძლოა, დამატებით მოგიწიოთ კედლის შეკვეთა აუდიო და ვიდეო აღჭურვილობისთვის.
როცა საბავშვო სივრცე ორი ან მეტი ბავშვისთვისაა განკუთვნილი, მაშინ მისი ავეჯით დაკომპლექტება შედარებით რთულდება. თუმცა მრავალფუნქციური საბავშვო გარნიტურები ორსართულიანი საწოლებით, რომლებიც ითავსებენ რამდენიმე ზონის ფუნქციას, იდეალური გამოსავალია და გაგიმარტივებთ ამ ამოცანას. ასეთი არატრივიალური და თანამედროვე საბავშვო ავეჯი დღეს ყველაზე მოთხოვნადად ითვლება ავეჯის დამამზადებელ კომპანიებში.


საბავშვო ავეჯის დამზადება ეკოლოგიური მასალით

მეტის გაგება

როგორ გავაფორმოთ

ოთახის გაფორმებისთვის მნიშვნელოვანია მფლობელის ფსიქოტიპის განსაზღვრა. ცელქია თუ წყნარი, უყვარს ხატვა თუ უპირატესობას სპორტს ანიჭებს. ამის გათვალისწინებით  შეგიძლიათ ბავშვთან ერთად ჩამოაყალიბოთ ოთახის იმიჯი და წინა პლანზე დააყენოთ მფლობელის ინტერესები და ფანტაზია. ერიდეთ სტერეოტიპებს: ყველა გოგონა არ ოცნებობს ვარდისფერი პრინცესას ოთახზე , ხოლო ბიჭების ოცნება არ შემოიფარგლება მანქანებით, კალის ჯარისკაცებით და კონსტრუქტორებით. ეცადეთ ბავშვები თავად გახდნენ თავიანთი პირადი სივრცის სრულფასოვანი დიზაინერები.
 ფსიქოლოგები თვლიან რომ ავეჯი ბავშვის ოთახში არ უნდა იყოს მკვეთრი, კაშკაშა და მყვირალა ფერებით წარმოდგენილი. ასეთ ფონს შეუძლია გამოიწვიოს აგრესიის პროვოცირება და ხელი შეუშალოს ბავშვის სათანადო სიმშვიდეს და მოდუნებას. დიზაინერები, თავის მხრივ თვლიან, რომ მუქი ფერის ავეჯი  ვიზუალურად ამცირებს სივრცეს და ბავშვის განწყობაზეც უარყოფითად მოქმედებს. მისაღებია ზომიერად ნათელი ვარიანტები, როგორიცაა სიმინდისფერი, იასამნისფერი, სალათისფერი ან პასტელი ფერები. თუ კაშკაშა ფერების დამატებას აპირებთ, მაშინ სჯობს ეს ფერები გამოიყენოთ ბალიშებისთვის, ფოტოებისთვის,  ჩარჩოებისა და ნათურებისთვის.
 საუკეთესო ვარიანტია თემატური გაფორმება, რომელსაც შვილის გემოვნებით შეარჩევთ, ეს იქნება ზღაპრის პერსონაჟები, მოგზაურობა, კოსმოსური თემატიკა თუ ჯადოსნური ზღვის ფსკერი. თემატიკას შეუხამეთ ავეჯის სტილი, რომლის  მრავალფეროვან არჩევანს ავეჯის დამამზადებელი კომპანიები შემოგთავაზებენ ან შეარჩიეთ შესაბამის ვებგვერდებზე.
თუ მოუსმენთ შვილის იდეებს, ორივესთვის ნამდვილად სახალისო გახდება ავეჯის შერჩევის პროცესი და შედეგსაც იდეალურს მიიღებთ, რადგან ბავშვი უფრო გაუფრთხილდება ისეთ ავეჯს, რომლის შერჩევაშიც თავად აქვს მონაწილეობა მიღებული და სიამოვნებით ითამაშებს, იმეცადინებს და დაიძინებს ისეთ ოთახში, რომელიც თვითონ გამოიგონა!


უსაფრთხოება და ხარისხი

მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. ამიტომ სანამ ის პატარაა, უმჯობესია შეუკვეთოთ ისეთი ავეჯი, რომელსაც  მკვეთრი კუთხეები არ ექნება. ორსართულიანი საწოლის შემთხვევაში, აუცილებელია ის იყოს აღჭურვილი მაღალი ბამპერებით და უსაფრთხო კიბით. ასევე მნიშვნელოვანია  საბავშვო ავეჯი იყოს გამძლე. გამძლეობა გათვალეთ პატარას ენერგიის და მისი ყველა სახის ცელქობის გათვალისწინებით.
ერთ - ერთი მთავარი კრიტერიუმი არის ეკოლოგიური მასალა, რისგანაც დამზადებული უნდა იყოს ავეჯი საბავშვო ოთახისთვის. რბილი ავეჯისთვის გამოყენებული უნდა იყოს რაც შეიძლება ბუნებრივი მასალა, რომელიც კარგად ატარებს ჰაერს და ძნელად აალებადია. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ავეჯის დამაზადებელი კომპანიების უმეტესობა იყენებს მხოლოდ ისეთ თანამედროვე და არაალერგიულ მასალებს, რომლებიც  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა დაზღვევის მიზნით შეგიძლიათ კომპანიისგან მოითხოვოთ ხარისხის სერთიფიკატი.


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები