bagis-avedji
ავეჯის დამზადება

ბაღის ავეჯი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1015

0

26.02.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

თუ კერძო სახლის მფლობელი ხართ და სახლს საკუთარი ბაღი აკრავს, თუნდაც სულ პატარა, მაშინ დროა ბაღის ავეჯის შერჩევაზე იზრუნოთ, რადგან არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა დამღლელი დღის შემდეგ, შესაძლებლობა გეძლევა საკუთარ ბაღში, სუფთა ჰაერზე კომფორტულად დაისვენო. სრულფასოვანი დასვენებისთვის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორად შერჩეული ბაღის ავეჯის დიზაინია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პროვანსის ჰაეროვანი სტილი, ლოფტის ორიგინალური და პრაქტიკული კომპლექტი თუ კლასიკური სტილის მსუბუქი, მოწნული ავეჯი და ეთნოს ნაქსოვი ჰამაკები. მთავარია ის თქვენს ხასიათს მოერგოს და ვიზუალური, ესთეტიკური და ემოციური სიამოვნება მოგანიჭოთ.


ბაღის ავეჯი პროვანსის სტილში

თუ ფრანგული შარმის, დახვეწილი პროვანსული ფერების და მარტივი სტილის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ შექმნათ პროვანსული მყუდრო და მზიანი კუთხე არა მხოლოდ სახლში, არამედ ბაღშიც. პროვანსული ხასიათის ბოლომდე გამოსახატად აქცენტი გააკეთეთ ავეჯზე. პასტელის ფერებში შეღებილი ხის ავეჯი ლამაზად გამოჩნდება ლავანდის ბუჩქების და სხვა გამწვანების ფონზე. მცენარეებში და  ყვავილებში ჩაფლულ ბუნებრივი ქვისგან მოკირწლულ ბილიკებს საოცარ სიმყუდროვეს მიანიჭებს უხეში ხისგან ნაჩორკნი სიძველეშეპარული, ალაგ-ალაგ საღებავამძვრალი, ცისფრად ან სალათისფრად შეღებილი ბაღის მოგრძო სკამები. მაღალ, მოჩუქურთმებულფეხებიან  მაგიდაზე დადგმულ პროვანსულ, ბზრებშეპარულ ვაზას დაამშვენებს ლავანდის თაიგული და ფაიფურის ნაზი ჭურჭელი. ძველებური სარწეველა სავარძელი გამოგადგებათ არა მხოლოდ კომფორტული დასვენებისთვის, არამედ გამოკვეთს სტილის ხასიათს. დაუდევრად მიმოფანტული ფუშფუშა, მაქმანინი ბალიშები კი დაასრულებს და „შეკრავს“ მთელ ამ „პროვანსულ კომპოზიციას“.  მთავარია ბაღის ავეჯი არ გამოიყურებოდეს ახალივით, ყოველი ნივთი სიძველეს უნდა ასხივებდეს და თავის ისტორიას ყვებოდეს. სისხამ დილით ასეთ ბაღში ფაიფურის ჭიქით ცხელი ჩაი, ფრანგული თბილ-თბილი კრუასანები, მუხლებზე ღუნღულა პლედი და საინტერესო ფრანგული რომანი - რა უნდა იყოს ამაზე სასიამოვნო... თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ.
პ. ს. ამ სტილის შესაქმნელად არ არის აუცილებელი ძველი, გადაყრილი ავეჯის მოძიება და რესტავრირება, სასურველი ეფექტის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკუპაჟის ტექნიკა.

პროვანსის სტილი


შეუკვეთეთ დახვეწილი და კომფორტული ბაღის ავეჯი

მეტის გაგება

ბაღის ავეჯი ლოფტის სტილში

ლოფტის სტილის ავეჯი ეზოს და ბაღს საინტერესო და ორიგინალურ იერსახეს ანიჭებს. რაც დრო გადის ამ სტილის ავეჯზე მოთხოვნა უფრო იზრდება. ამ მოთხოვნას განაპირობებს მისი ორიგინალური ვიზუალი, კომფორტულობა, მარტივი შტრიხები და ფუნქციონალურობა. თანამედროვე ტენდენციებს პლუს ბუნებრივი მასალები - ეს ფორმულა ლოფტის სტილის ავეჯისთვის წარმატების მომტანი გამოდგა, რადგან ასეთი თვისებების ერთიანობა ინტერიერში ყველა თანამედროვე ადამიანისთვის სასურველია.
ლოფტის სტილში გაფორმებული ბაღი არის ადგილი, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო  ნივთები. მაგალითად, ულტრათანამედროვე დეტალებს პლუს ძველებური ფორმები, რომლებიც ოდესღაც მოდური იყო, მაგრამ დიდი ხანია მივიწყებას მიეცა. ამიტომ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ თავიანთი სახლის, კომპანიის ან ოფისის ბაღი გახადონ ელეგანტური და ორიგინალური, აუცილებლად იყენებენ ლოფტის დიზაინს.
ლოფტის სტილის ბაღის ავეჯისთვის მისაღებია სხვადასხვა (ძირითადად მონოქრომული) ფერები. ხშირ შემთხვევაში ხის ზედაპირები დამუშავებულია ხელით, აქვს მკაფიო ხაზები და ქმნის ბუნებრიობის ატმოსფეროს. დეკორის ზოგიერთი ელემენტის მინიმალური დამუშავების გამო ავეჯს უხეში იერი გადაკრავს, მაგრამ, სწორედ ეს ანიჭებს დიზაინს განსაკუთრებულ ქარიზმასა და ხიბლს.

ბაღის ავეჯი ლოფტის სტილში

ძველი ნივთები "ლოფტისთვის"

თითქმის ყველა სახლის სხვენსა თუ ავტოფარეხში არსებობს ისეთი ნივთები, რომლებსაც წლებია მტვერი ედება, გადაყრისგან კი, რაღაც მიზეზების გამო, ყოველთვის თავს იკავებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადგილს იკავებს. არადა ასეთი ნივთების გამოყენება არა მარტო მისასალმებელია ლოფტის სტილისთვის, არამედ კრეატიულობას ანიჭებს დიზაინს. მივიწყებული ნივთების გამოყენებით ორი კურდღლის დაჭერაა შესაძლებელი: გამოათავისუფლებთ ადგილს და ამავდროულად მიიღებთ უნიკალურ და პრაქტიკულ ავეჯს. ასეთი ნივთებია:
1. ძველი დაჟანგული მილები;
2. ძველი ხის ავეჯი;
3. რკინის ორიგინალური დეტალები;
4. ხის ძელები;
5. აბაზანის დაზიანებული აქსესუარები;
6. მშენებლობიდან მორჩენილი რკინის არმატურა და სხვა მასალები;
7. ავეჯის დამტვრეული კარკასები და ა. შ...

ერთი შეხედვით ლოფტის სტილის ინტერიერის შექმნა თითქოს მარტივი და იაფია. თუმცა, სამწუხაროდ,  ეს მცდარი მოსაზრებაა. დიდი ძალისხმევა, ფინანსები და პროფესიონალი დიზაინერია საჭირო პროექტის შესაქმნელად და განსახორციელებლად, რადგან ძველ და თანამედროვე ნივთებს შორის ჰარმონიულობის ოდნავმა დარღვევამ შეიძლება მთლიანი სურათი გაანადგუროს და პორექტი აქციოს უგემოვნოდ. ამიტომ, ამ შემთხვევაში სჯობს გამოიყენოთ პროფესიონალი დიზაინერის მომსახურება, რომელსაც შეუძლია სწრაფად მოაგვაროს ყოველგვარი პრობლემა.

ლოფტი


ბაღის ავეჯი კლასიკურ სტილში

ეს მშვიდი, არისტოკრატული სტილი ნებისმიერ ბაღს ელეგანტურ და დახვეწილ იერს ანიჭებს. ამ შემთვევაში თქვენ გაქვთ მოქმედების აბსოლუტური თავისუფლება, რადგან განსაკუთრებული სპეციალური მოთხოვნები ამ სტილის ინტერიერის შესაქმნელად არ არის საჭირო. ეს არის სტილი, რომლის ავეჯიც ერთნაირად ალამაზებს როგორც სახლის, ასევე ბაღის დიზაინს. კლასიკური სტილისთვის აქსესუარები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ავეჯის დეტალები არ უნდა იყოს თვალში მოსახვედრი. სტილის ამოცნობა მისი სისადავით და გემოვნებით შერჩეული ნაზი დეტალებითაა შესაძლებელი. ავეჯისთვის შეარჩიეთ რბილი, პასტელის ფერის ბალიშები. რბილი ავეჯის ზედაპირების დასაფარად გამოიყენეთ კრემისფერი ან რძისფერი გადასაფარებლები. შემოდგომის სეზონისთვის უფრო გამოგადგებათ შალის ფაქტურა, რომელიც მისწრებაა ცივი საღამოებისთვის.

კლასიკური სტილი რატანი

რატანი კლასიკური სტილის ავეჯისთვის

რატანი ამ სტილითვის ერთ-ერთ იდეალურ მასალად ითვლება.რატანის ავეჯი გამოირჩევა სიმსუბუქით. რადგან მასალა ადვილად ექვემდებარება შეღებვას, შეგიძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნოთ საუკეთესო იერი. ბაღის მოწნული ავეჯი შთამბეჭდავი და ელეგანტურია. გარკვეული პრაქტიკის გავლის შემდეგ შესაძლებელია მისი ხელით დამზადებაც, მაგრამ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. თავიდან ეცადეთ დაიწყოთ წვრილმანებით, წარმატებული პრაქტიკის შემდეგ კი შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო რთულ ავეჯზე, როგოიცაა შეზლონგი, საქანელა ან სარწეველა სკამი.

მოწნული ბაღის ავეჯი


                                                                                                         კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები