ინტერიერის დიზაინერის როლი რემონტში
ნათქვამია; "სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირიო" და თუ საკუთარ თავზე არ გამოცდით რემონტის სირთულეს, ვერ მიხვდებით რაზეა საუბარი. ყველას გვსურს ჩვენი საცხოვრებელი მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული იყოს, სადაც შევძლებთ გარესამყაროსგან მოწყვეტას და საკუთარი მიკროკლიმატის შექმნას. ასეთი გარემოს მოსაწყობად არც ფულს ვზოგავთ და არც ენერგიას. ასე იქმნება ბინაში ძვირფასი რემონტი. თუ როდესმე ნამდვილ სასახლეში ყოფილხართ სტუმრად და ფიქრობთ, რომ თქვენს სტანდარტულ ბინაში ასეთი რამ შეუძლებელია, არ დაღონდეთ. კაპიტალური რემონტი იმდენად შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, რომ შესაძლოა ოთახების ფართობიც კი შეიცვალოს კედლის ფრაგმენტების გადაადგილებით ან შეიცვლოს ჭერის ფორმა და პარამეტრები. ამ დიზაინერული ხრიკებით ყველაზე ჩვეულებრივ ბინასაც კი შეიძლება სასახლის იერი მიეცეს.
რა შეუძლია პროფესიონალ დიზაინერს
დიზაინერებს შეუძლიათ ოთხ კედელში შექმნან ყველაფერი; შეუმჩნეველი დეკორიდან დაწყებული და ნამდვილი შედევრით დამთავრებული. მათ შეუძლიათ თქვენს ავეჯთან იმდენად ჰარმონიულად შეათანხმონ ინტერიერის დეკორი, რომ სრულიად ახლებურად წარმოაჩინონ თქვენი ავეჯიც და ინტერიერის სტილიც. ადამიანების უმეტესობას წარმოდგენილი აქვს თავისი იდეალური სახლი, რომელიც მის ხასიათს, ცხოვრების სტილს, გემოვნებისა და აღზრდის თავისებურებებს ასახავს. დიზაინერს კი, წლების პრაქტიკის შედეგად, გარკვეულწილად, უნდა გამოუმუშავდეს ტელეპატიის ნიჭი, რათა კლიენტისგან ამოიღოს ამ იდეალური სახლის მისეული ხედვა.
მეტრიქსის დიზაინ-პროექტები
ინტერიერის კონცეფცია
ინტერიერის კონცეფციის შერჩევა მეტად რთული და ხანგრძლივი პროცესია. დიზაინ-პროექტის შედგენისას დიზაინერი ითვალისწინებს შემკვეთის ცხოვრების წესს, პროფესიას, მისწრაფებებს, მის შეხედულებებსა და კონცეპტუალურ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი. ასე იქმნება საცხოვრებლად კომფორტული ზონა. ეს ყველაფერი გემოვნებიან, ესთეტიკურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. პრობლემებით სავსე, სტრესულ გარემოში, შესაბამისად, რაღაც კონკრეტულმა ადგილმა აუცილებლად უნდა შეასრულოს განტვირთვის ფუნქცია. ოჯახი და ბუნება - ეს ორი სივრცე დარჩა, სადაც შეიძლება დასვენება, განტვირთვა და ენერგიის აღდგენა. პროექტზე მუშაობის დასაწყისში, კლიენტს ეძლევა დეტალური კითხვარი, რომელიც მისი სახლის ან ბინის ყველა ასპექტს მოიცავს დაწყებული გლობალური „ხომ არ გავაერთიანოთ ერთ ზონაში სამზარეულო და მისაღები“, დასრულებული ტექნიკური დეტალებით, იატაკის გათბობითა და საშრობით.
დიზაინერის სამუშაო პროცესი
სტილზე მუშაობას დიზაინერი იწყებს შემდეგი დავალებით: დამკვეთის ოჯახის თითოეულმა წევრმა ყურადღებით უნდა დაათვალიეროს ინტერიერის დიზაინის შესახებ რამოდენიმე ჟურნალი, ამოჭრან სასურველი ფოტოები და შეაგროვონ ერთ ალბომში ან იგივე პრინციპით შეკრან ინტერნეტ ფოტო ალბომი, დღესდღეობით ეს მეთოდი ბევრად მარტივია. გაგიკვირდებათ, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ყოველი მათგანის მოთხოვნილებები. ამორჩეული ფოტოებით დიზაინერი ობიექტურად აანალიზებს და დაიწყებს ძირითად სამუშაოს. პირველი, ბუნდოვანი მონახაზიდან იქმნება სრულიად ინდივიდუალური, კონკრეტულ ოჯახზე მაქსიმალურად მორგებული ერთიანი ინტერიერი. შედგენილი ფოტოალბომი გვეხმარება ასევე ავეჯის და დეკორის შექმნაში.
დამკვეთის და დიზაინერის ურთიერთობა
პროექტზე მუშაობის დროს დიზაინერის ამოცანაა მიაღწიოს გონივრულ კომპრომისს. შეუძლებელია ერთდროულად ყველაფრის მიღება, მაგრამ შესაძლებელია მაქსიმალურად გამოვიყენოთ მომავალი ბინის ან აგარაკის სტილისტური პოტენციალი, შევარჩიოთ ისეთი ვარიანტები, რომელიც საუკეთესოდ შეათანხმებს სახლში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების წესს, ხასიათს და სურვილებს. სტილისტურ კოლაჟზე საუბრისას ჩვენ შევეხეთ ერთი ოჯახის წევრებს შორის განსხვავებული გემოვნების თემას. კარგია, თუ სტილისტური შესაბამისობაა, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ერთ ინტერიერში გვიწევს მოვაწყოთ დისონანსური ელემენტები, რათა ოჯახის ყველა წევრმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ეს არ ნიშნავს, რომ ინტერიერი, უნდა გადაიზარდოს სტილთა ქაოსში, აუცილებელია ჰარმონიული გადაწყვეტილების პოვნა ერთი სტილიდან მეორეზე გადასვლისთვის, ზონალური და სივრცითი დაყოფის გამოყენება, შეთანხმებული ფერთა გამა.
თანამედროვე ინტერიერი
თანამედროვე ინტერიერში იშვიათად გამოიყენება ერთი აბსოლუტური სტილი - პირიქით, დღეისთვის პოპულარული ეკლექტიკა ან ფიუჟენი შესაძლებელს ხდის სხვადასხვა სტილის ელემენტების ჰარმონიულ გაერთიანებას. პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი აგიხსნით, რომ ინტერიერის დიზაინში ფერი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი. სწორად შერჩეული ფერი დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობასა და ნერვულ სისტემაზე, მაშინ როცა არასწორად შერჩეული ფერი გაღიზიანებას და დისკომფორტს იწვევს. გასათვალისწინებელია შერჩეული ფერის ტონალობა და ინტენსივობა. დიზაინერი ფერის დახმარებით სივრცის აღქმას ცვლის. მკრთალი და ნათელი ფერები მეტი სივრცის ილუზიას ქმნის, ამიტომ თუ ფართობი ცოტაა, მუქი ფერებისგან თავის შეკავებას გირჩევთ. ასევე ფერების არჩევისას დიზაინერი ითვალისწინებს ოთახის განათებას, ოთახის დანიშნულებას, ოთახის ფართობს და ფანჯრების განლაგებას. თუ ოთახს ფანჯრები სამხრეთით აქვს, მისთვის ცივი და მკვეთრი ფერი მისწრებაა. თუ განათება არასაკმარისია, ბაც - ოქროსფერ, ლიმონისფერ ან ვარდისფერ კედლებს გირჩევთ.
დიდ ბინაში მკვეთრი ფერების გამოყენება უპრობლემოდ შეიძლება, მაგრამ ერთოთახიან ბინაში ის სწრაფად დაღლის თვალს. როდესაც სივრცე პატარაა, გონებრივი სამუშაო მეტია. დიზაინერი იძულებულია სასწაულებიც კი მოახდინოს. ასეთ პატარა სივრცეში ყველაფერი იკეცება, ყველაფერი მოძრაობს და ტრანსფორმირდება.
სივრცის სწორი ვიზუალიზაცია და ფერები
თუ ჭერს და კედლებს ერთ ფერში შეღებავ, ოთახის ვიზუალური აღქმა გაიზრდება. დიდ ოთახში კი რამოდენიმე ფერის გამოყენება ეფექტურია. ოთახს, რომელიც განკუთვნილია დასვენებისთვის, მშვიდი პასტელის ფერები მოუხდება, ბავშვის ოთახს კი კაშკაშა მკვეთრი ფერები.
ფერი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მიერ ამორჩეულ სტილსაც. მაგალითად ჩეხები უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ და ჩამქრალ ფერებს, ინგლისელები - ნატურალურ ფერებს და აგურის ფაქტურის იმიტაციას, ბუნებრივ ხეს, მარმარილოს, ქვას და ა.შ. ფრანგული სტილი გამოირჩევა მკვეთრი ფერებით და მცენარეული ორნამენტებით. ჩამონათვალი ვრცელი და რთული გამოვიდა? თუ ნამდვილად გსურთ თქვენს მიერ არჩეულ სტილსა და დიზაინს შორის ჰარმონიას მიაღწიოთ, ეს საქმე METRIX-ის გამოცდილ დიზაინერებს მიანდეთ.
პროფესიონალი დიზაინერი, ნაკლები დანახარჯი!
ქართული რეალობის გათვალისწინებით, როგორც არ უნდა არჩიოთ ინტერიერის კონცეფცია, მთავარი კრიტერიუმი ხშირად ფასია. გამოცდილი დიზაინერი თავიდანვე წარმოგიდგენს სხვადასხვა არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტების განხორციელების შესაძლო ღირებულებას და აგარიდებთ ძვირადღირებული იდეებს. არსებობს დეკორირების მრავალი ეფექტური, მაგრამ იაფი გზა, რომელსაც შეუძლია ინტერიერს მისცეს სასურველი სახე. დეკორი გახლავთ ინტერიერის ის ნაწილი, რომელიც მას ინდივიდუალურობას სძენს, სხვებისგან გამორჩეულ პირად სივრცეს ქმნის. დიზაინერის კიდევ ერთი, დადებითი მხარეა თქვენი იდეების ვიზუალიზაცია 3D-ფორმატში. ეს კი საშუალებას გაძლევთ, შეხედოთ თქვენს ინტერიერს მანამდე, სანამ ხეში, ქვაში ან მეტალში გააკეთებთ და ცვლილებები შეიტანოთ. ხშირია, როცა დამკვეთს გადაჭრით მოსწონს რომელიმე, მაგალითად, ინგლისური სტილი. ესკიზების კეთების პროცესშიც მოსწონს ყველა დეტალი და დიზაინ პროექტის დასრულების შემდეგ როდესაც 3D-მოდელი მზად არის, დამკვეთი გადაწყვეტს რომ კონსერვატიული სტილი, რომელიც ვიზუალურად მოსწონდა, მისი ცხოვრების თანამედროვე სტილისთვის შეუფერებელია. ყველაფერი არც მთლად ისე აღმოჩნდა, როგორც წარმოდგენილი ჰქონდა.
3d ვიზუალიზაცია
3d ვიზუალიზაციას ბევრი წინდახედული დამკვეთი გადაურჩენია დისკომფორტის ზონაში ცხოვრებისგან ან უკეთეს შემთხვევაში ორმაგი ხარჯებისგან. წარმოუდგენელია პროფესიონალის დახმარების გარეშე როგორ შეიძლება შედარებით დიდი ბინის ან, აგარაკის აშენება და გაფორმება. რასაკვირველია, თუ მშენებლებთან მუშაობის გამოცდილება გაქვთ, გყავთ ნაცნობი „პრარაბი“, კარგად ერკვევით ინტერიერის სტილში, მაშინ წარმატების შანსი გაქვთ. მაგრამ ადამიანისთვის, რომელიც იკარგება მრავალფეროვან ფილებში და ფონებში, ვისთვისაც ყველა სამზარეულო ერთნაირია, რომელიც ერთმანეთში ურევს საშხაპეს და დუშს, ასეთი ადამიანისთვის პროფესიონალი დიზაინერის მხარდაჭერა ემოციური სტაბილურობის შენარჩუნების და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დარჩენის ერთადერთი გონივრული საშუალებაა. კაპიტალური რემონტი, ჩვეულებრივი რემონტისგან განსხვავებით, მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას და ძალისხმევას. მან ხომ მრავალი წელი უნდა გაძლოს და ემსახუროს თქვენს კომფორტს. ამიტომ ის მხოლოდ პროფესიონალების საქმეა.