rchevebi-sadzinebeli-otaxis-motskobis-shesakheb
ინტერიერის დიზაინერი

რჩევები საძინებელი ოთახის მოწყობის შესახებ

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1822

0

19.07.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

კარგად დაგეგმარებული და სათანადოდ მოწყობილი  საძინებელი ოთახი პირდაპირპროპორციულად აისახება ოთახის მფლობელის პროდუქტიულობაზე როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში.
კვლევების თანახმად ადამიანი თავისი ცხოვრების დაახლოებით ერთ მესამედს ძილში ატარებს, ძირითადად თავის საძინებელ ოთახში. ამიტომ ეს ოთახი რაც შეიძლება  კომფორტული და მფლობელის ხასიათზე მორგებული უნდა იყოს,  რადგან  დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ  კომფორტულ საძინებელში დასვენება და სრულფასოვანი გამოძინება განსაზღვრავს მთელი შემდეგი დღის განწყობას.
საძინებელი ოთახის სათანადოდ მოწყობა, თუ წინასწარ გაერკვევით დეტალებში, არ არის რთული. თუ თავად ვერ ართმევთ თავს დროის უკმარისობის ან სხვა მიზეზების გამო ან  ეჭვი გეპარებათ, რომ საკუთარი ძალებით არ გამოგივათ ზუსტად ის, რისი მოლოდინიც გაქვთ, მაშინ ამაში დაიხმარეთ პროფესიონალი დიზაინერი, რომელიც ყურადღებით მოგისმენთ და განსაზღვრავს თქვენს ფსიქოტიპს, ემოციურ განწყობას, ხასიათის შტრიხებს და უმცირესი დეტალების გათვალისწინებით ინდივიდუალურად თქვენთვის შექმნის თქვენზე მორგებულ დიზაინს.
თუ მაინც გადაწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დამოუკიდებლად გაართმევთ თავს, მაშინ მიჰყევით საქმეს შემდეგი თანამიმდევრობით:


დაიწყეთ სტილისა და პალიტრის არჩევით

ინტერნეტში მრავლადაა ფოტომასალა და ინფორმაცია ინტერიერის დიზაინის შესახებ. შექმენით საქაღალდე სადაც შეინახავთ ამ ყველაფერს, შემდეგ გაცხრილეთ და დატოვეთ ისეთი მასალა, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. ასე უფრო ადვილი იქნება საბოლოო არჩევანის გაკეთება. 
ინტერნეტსივრცეში მრავლადაა ისეთი პროგრამები, სადაც შეძლებთ 3D ფორმატში ააწყოთ ოთახის ვიზუალი, რაც მეტად გაგიმარტივებთ საქმეს. ამ პროგრამის საშუალებით ადვილად მიხვდებით რა ფერი მიესადაგება ამ თუ იმ ავეჯს, და რა არღვევს საერთო სურათს. 
ოთახის ფართის მიხედვით განსაზღვრეთ დიზაინის სტილი. მაგ. კლასიკა და ლოფტი  არ გამოგადგებათ  პატარა ფართის საძინებლისთვის, რადგან ამ ტიპის დიზაინში მოიაზრება მასიური ავეჯი და მრავალი არაფუნქციური დეკორატიული ელემენტები, რაც თავისთავად დიდ ფართობს საჭიროებს. ამიტომ პატარა საძინებელს მიესადაგება ისეთი სტილი, რომელშიც მოიაზრება მინიმალური და ამავდროულად ფუნქციონალური ავეჯი. 

განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი ინტერიერის დიზაინის სხვადასხვა ფართის მქონე საძინებლებისთვის:


სივრცის მოწყობა "მეტრიქსის" დიზაინით

მეტის გაგება


მცირე ფართის საძინებელი

პატარა საძინებლის მოწყობა გაცილებით რთული ამოცანაა ვიდრე საძინებლის, რომელიც 20 კვადრატულზე მეტია, რადგან ფართის სიმცირე დიდი არჩევანის საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა სავსებით შესაძლებელია მცირე საძინებელი ისე მოვაწყოთ რომ, გაცილებით მყუდრო და კომფორტული გამოვიდეს, ვიდრე მისი დიდი ზომის ანალოგი. აქ მთავარი აქცენტი კომფორტული საწოლია, დანარჩენი ავეჯი შეიძლება განთავსდეს სხვა ოთახებში.
იმისთვის, რომ მცირე ზომის ოთახის დიზაინი კომფორტული გამოვიდეს, დაიცავით შემდეგი წესები:
ნუ შეღებავთ კედლებს მუქ ფერებში, რადგან უფრო პატარას გამოაჩენს ისედაც მცირე ფართის ოთახს. ნათელი ტონები ვიზუალურად გაზრდის სივრცეს და გუნება - განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს.
შეარჩიეთ მრავალფუნქციური ავეჯი. ამწევ მექანიზმიანი საწოლის გამოყენებით შეძლებთ სივრცის  მაქსიმალურად  დაზოგვას. თუ ტუმბოს ადგილი ვერ გამოუნახეთ, ამისთვის გამოიყენეთ ფანჯრის რაფა ან კედელზე დამაგრებული თაროები. გამოიყენეთ ისეთი პრაქტიკული მოდელები, როგორიცაა ავეჯი ტრანსფორმერები, რომლებიც აერთიანებს რამდენიმე ავეჯს ერთში.
მოერიდეთ  საძინებლის ავეჯით გადატვირთვას. შეარჩიეთ მოდელები, რომელთა მოვლაც მარტივია: საწოლები და დივნები დახურული ქვედა სივრცით, დახურული კარადები. ღია თაროებზე  განალაგეთ ისეთი ნივთები რაც აუცილებელია. ნუ გააკეთებთ ეკონომიას მატრასზე, ის განაპირობებს ჯანსაღ ძილს და დასვენებას, რაც აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.


დიდი ზომის საძინებლები

საძინებლისთვის დიდ ოთახებს, უფრო ხშირად, გამოყოფენ ხოლმე კერძო სახლებში. როცა საძინებლის ფართი 30 კვადრატზე მეტია, დიზაინერები რეკომენდაციას იძლევიან მის ზონებად დაყოფაზე. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შირმა ან ტიხრები ჩამონტაჟებული  გამჭოლი თაროებით, რაც პრაქტიკულ დანიშნულებას შესძენს მათ. 
დიდი ზომის საძინებელს იდეალურად მიესადაგება ლოფტის სტილი. აქ დასაშვებია ფანჯრებზე მძიმე და მუქი ფარდების ჩამოკიდება. თამამად შეგიძლიათ მუქი ფერების გამოყენება, რაც დაუშვებელია მცირე ზომის საძინებლის დიზაინისთვის. თუ უპირატესობას კლასიკურ სტილს მიანიჭებთ, რომელიც, აგრეთვე, დიდი ზომის საძინებლებზეა გათვლილი, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამისთვის საჭიროა მინიმუმ 20 კვადრატული ფართის ოთახი, რადგან ამაზე პატარა ფართში შეგექმნებათ პრობლემები ავეჯის განლაგების დროს, რადგან კლასიკურ დიზაინში მოიაზრება  დიდი ზომის საწოლები, კარადები, კომოდები და ა.შ...
ეს სტილი გამოირჩევა ღია და თბილი პასტელის ფერებით, მიუღებელია სინთეზური მასალა. გამოიყენეთ ბუნებრივი ხე, მინა, ბროლი, ცოტა ლითონი. ხაზები მკაცრია, ამ სტილისთვის დაუშვებელია ასიმეტრიულობა, ყველა ელემენტი უნდა იყოს ისე მოწესრიგებული, რომ ქმნიდეს ერთ მთლიანობას. რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი ხე, როგორც ავეჯისთვის და იატაკისთვის, ასევე დეკორტიული ელემეტებისთვის. დასაშვებია მისი გამოყენება აგრეთვე კედლებზე და ჭერზე . სასურველი ხის ჯიშებია: მუხა და ვარდის ხე, რომლებიც  კარგად იტანენ მოოქროვებას ან ბრინჯაოთი დაფარვას.
კლასიკურ სტილში მთავარია სტილის ფუფუნება ისე იყოს მიწოდებული, რომ  მიანიშნებდეს არა მეშჩანობას, არამედ ხაზს უსვამდეს დახვეწილობას. კლასიკური სტილი ადვილად იდენტიფიცირდება, რადგან გამოკვეთილად დამახასიათებელი შტრიხები აქვს, ესენია: ძვირადღირებული ხალიჩები, მდიდრული საწოლი, ხარისხიანი ტექსტილი, ბევრი დეკორატიული ელემენტი, მოოქროვილი სარკეები, ქაოსურად განლაგებული ნივთების არარსებობა, ღია კრემისფერი ტონალობა, რაც ოთახს ვიზუალურად ზრდის, გემოვნებით შერჩეული ფერწერული ტილოები და ა. შ..
კლასიკური დიზაინი გულისხმობს რამდენიმე სტილის სიმბიოზს. ეს არის ამპირის  ტრიუმფალური სტილის,  როკოკოს ფუფუნების და ბაროკოს ბრწყინვალებისა და პრეტენზიულობის შერწყმა.
მთავარია დაიცვათ ოქროს შუალედი და არ გადააჭარბოთ, რათა  საძინებელი არ დაემსგავსოს მუზეუმის ოთახის ექსპოზიციას, რაც ხშირად ემართებათ კლასიკური სტილით გატაცებულ ადამიანებს. 

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები