ukrainuli-stili-interieris-dizainshi
ინტერიერის დიზაინერი

უკრაინული სტილი ინტერიერის დიზაინში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

306

0

09.04.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის (აგრეთვე საკუთარი ტრადიციების, ფესვების და ეროვნული მახასიათებლების) მიმართ ინტერესის შესამჩნევად გაზრდამ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახადა ეთნიკური სტილი. ინტერიერის დიზაინში გამოიკვეთა რამდენიმე ისეთი მიმართულება, რაც ადრე ცალკე სპეციალურ ჯგუფად არც ითვლებოდა. მათი ასეთი პოპულარობა გამოიწვია სხვა კულტურებისგან გამორჩეულმა ყოველდღიურმა ცხოვრებისეულმა ჩვევებმა და უნიკალურმა მახასიათებლებმა. სწორედ ასეთია უკრაინული სტილი, ის დღეს ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი პოპულარული ტენდენციაა.


მზარდი ინტერესი სტილის მიმართ

უკრაინული სტილის მყუდრო და თბილი ინტერიერი, ორიგინალური დეკორი და სახასიათო ხელნაკეთი ნივთები სულ უფრო მეტად იზიდავს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დიზაინერებს. დიზაინის ამ მიმართულებით ინტერესდებიან შემოქმედებითი ადამიანები, ეროვნული ტრადიციების და ეკო ტენდენციების მოყვარულები, ასევე ადამიანები, ვისთვისაც სითბო, სიმყუდროვე და უბრალოება მნიშვნელოვანია. უკრაინელები პატივს სცემენ ტრადიციებს და ეს იგრძნობა კიდეც უკრაინული ინტერიერის ყველა დეტალში.


უკრაინული სტილი


ბინის განლაგება უკრაინულ სტილში

უკრაინული სახლის ცენტრალური ადგილი ტრადიციული  ღუმელია. თანამედროვე ინტერიერში დასაშვებია მისი ჩანაცვლება იმიტაციით ან ელექტრო ბუხრით. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  უხეშად დამუშავებულ მასიურ ხის მაგიდას, რომელიც ოდითგანვე ითვლებოდა ოჯახური ერთიანობის სიმბოლოდ – სწორედ ასეთ მაგიდასთან იკრიბებოდნენ ყოველდღე ოჯახის წევრები და სადილობისას განიხილავდნენ საჭირბოროტო საკითხებს.
უკრაინულ ინტერიერში მისაღები ოთახი დღესაც ყველაზე ფუნქციურ სივრცედ ითვლება, ამიტომ, ის რაც ფართო და ნათელი იქნება, მით უკეთესი. ამისთვის ხშირად აერთიანებენ ორი ან რამდენიმე ოთახს. ზონირება კეთდება ფერების, განათების და ტექსტურების დახმარებით. დასაშვებია მცირე ზომის გამჭოლი ტიხრებიც.

ზონირება

სივრცის მოწყობა "მეტრიქსთან" ერთად

მეტის გაგება

უკრაინული საყოფაცხოვრებო ნივთები

სრულფასოვანი უკრაინული სტილის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინული საყოფაცხოვრებო ნივთები და მათი ლოგიკური კომბინაცია. აუცილებელი პირობაა, რომ ეს ნივთები დამზადებული იყოს ბუნებრივი მასალისგან და მორთული ეროვნული ორნამენტებით. უკრაინულ ინტერიერში წამყვანი ადგილი უჭირავს ორიგინალურ ნაქსოვ და ნაქარგ  ნამუშევრებს, რომლებიც უხვადაა განთავსებული სკამებზე, კედლებსა და იატაკზე. ხატების მორთვა ნაქარგი პირსახოცებით (рушник) უკრაინული სტილის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტრადიციაა. ჭურჭლის დასამზადებლად ძირითადად ხე და კერამიკა გამოიყენებოდა, რასაც უკრაინელი ოსტატები მკვეთრი ფერის ორიგინალური ფიგურებით და ტრადიციული ორნამენტით ამშვენებდნენ. ხე, აგრეთვე, გამოიყენებოდა ავეჯის, დეკორის და სხვა ნივთების დასამზადებლად.


უკრაინული ჭურჭელი


ავეჯი

უკრაინული სტილის ინტერიერში გამოიყენება ხისგან დამზადებული მარტივი ფორმის მასიური ავეჯი მუქ ტონებში. მისასალმებელია ჩალის ან რატანისგან დამზადებული ნაქსოვი ავეჯი და მოჩუქურთმებული დეკორი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთახში მთავარი ადგილი ხის დიდ, მასიურ მაგიდას უჭირავს.
სახლის ინტერიერის კიდევ ერთი, ყველაზე ტრადიციული და ორიგინალური ნივთი უზარმაზარი სკივრია, სადაც ინახებოდა სხვადასხვა დანიშნულების ნივთები. მასზე შესაძლებელი იყო დაჯდომა და საჭიროების შემთხვევაში - დაძინებაც კი. მართალია, ასეთი ნივთები უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და წარმოადგენს მხოლოდ დამატებას სტილის ხასიათის გასამძაფრებლად, მაგრამ, მაინც, ის შეიძლება განიხილოს როგორც უკრაინული ფესვებისა და წარსულის კარგი შეხსენება.

უკრაინული სკივრი


ტექსტილი

უკრაინული ინტერიერი წარმოუდგენელია კოლორიტული ტექსტილის გარეშე. უკრაინული ტექსტილი ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით. თითოეულ რეგიონს აქვს თავისი უნიკალური ორნამენტი.

რეგიონალური ორნამენტები:

• ჩერნიგოვის რეგიონი - მისი ნაქარგების თავისებურებაა თეთრი ორნამენტი თეთრ ტილოზე და ფიგურების მრავალსახეობა;
• ვოლინის რეგიონი - მარტივი წითელი ფიგურები თეთრ ფონზე;
• ხარკოვის რეგიონი - ქარგვისას გამოიყენება უხეში ძაფი, რის გამოც ხარკოვული ორნამენტი რელიეფურია;
• კიევის რეგიონი - ორნამენტები ძირითადად ყვავილოვანია: თეთრ ფონზე მწვანე და წითელი ფერები;   
• კარპატების ორნამენტები -  ყველაზე ფერადი და კოლორიტულია. ერთდროულად გამოყენებულია როგორც გეომეტრიული, ასევე ყვავილოვანი მოტივები.

ტექსტილი


დეკორი

დეკორის გარეშე უკრაინული ინტერიერის წარმოდგენა შეუძლებელია. დეკორისთვს გამოყენებულია ინკრუსტირება, ტრადიციული ჩუქურთმა და ეროვნული ორნამენტები.

უკრაინულ დეკორს განეკუთვნება:

1. კერამიკისა და ხისგან დამზადებული ჭურჭელი;
2. ტექსტილი უკრაინული ნაქარგებით;
3. ჩალის, ყვავილებისა და ბალახებისგან დაწნული ამულეტები.
4. პატარა ტომსიკები, სადაც ინახება ცოტაოდენი ლობიო და სიმინდი (ბარაქისთვის);
5. სხვადასხვა ფორმის ნალები (ბედნიერების მოსაზიდად) და ზარები (ავი თვალის დასაფრთხობად);
6. ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები;
7. ტრადიციული უკრაინული გვირგვინი - მორთული ლენტებით, ჩირითა და ლობიოთი;
8. გამხმარი მცენარეების კონა, ძახველის კუნწულა და ყაყაჩო.


დეკორი


ფერთა პალიტრა

ტრადიციული თეთრი ფერი - ეს უკრაინული დიზაინის ძირითადი ფერია. ერთ ფერში გაფორმებული დიზაინი ხშირად მოსაწყენია, თუმცა უკრაინული სტილის შემთხვევაში ეს ასე არ არის, რადგან თეთრი ფონს ახალისებს ფერთა ჰარმონიული კომბინაციები. ამ ტიპის ფერთა შეხამებას შეხვდებით:
< ნაქარგ ნივთებზე, სადაც დომინირებს წითელი, ყვითელი და ლურჯი ხასხასა ფერები;
< ფერად-ფერად ხელით ნაქსოვ ხალიჩებზე, რითიც ტრადიციულად დაფარულია ხის იატაკის 80%;
< წითელი, მწვანე და ლურჯი ორნამენტებით მოხატულ კერამიკის ნაკეთობებზე, რაც ხალისიან იერს ანიჭებს დიზაინს.

უკრაინული ფერთა პალიტრა


მასალები და ტექსტურები

უკრაინულ სტილი, შეიძლება ითქვას, ეკო სტილია. ინტერიერში ხშირად შეხვდებით სოფლის პეიზაჟების ფრაგმენტებით და ეროვნული ორნამენტებით გაფორმებულ ჭერს და კედლებს. ოდითგანვე გამოყენებად ბუნებრივ მასალას (ქვა, თიხა, ხე) დაემატა თანამედროვე კომპონენტები - აგური და დეკორატიული თაბაშირი. მნიშვნელოვანია, რომ იქ სადაც გამოყენებულია ქვა და აგური, ზედაპირი არ უნდა იყოს დაფარული არანაირი საფარით, რადგან ტექსტურა აუცილებლად უნდა იყოს ხილული. დასაშვებია თეთრ იატაკზე, კედლებსა და ჭერზე ხის ძელების, პანელების და ტიხრების გამოყენება.


ხის პანელები


                                                                   კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები