viwro-tipis-samzareulos-dizaini
ინტერიერის დიზაინერი

ვიწრო ტიპის სამზარეულოს დიზაინი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1245

0

30.08.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

თბილისში, სტანდარტული ტიპის ძველ კორპუსებში, თითქმის ყოველთვის იყო და არის ვიწრო სივრცის პრობლემა და ეს დისკომფორტი ყველაზე მეტად სამზარეულოში იგრძნობა. ფართის გაზრდა კი ხშირად ფიზიკურად  შეუძლებელია. იშვიათ შემთხვევაში სივრცე შეიძლება ოდნავ გააფართოვოთ აივნის ან სხვა ოთახის ხარჯზე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უნდა შეეგუოთ იმას რაც არის და იფიქროთ  გამოსავალზე.  სიტუაციის გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია და ეს თავისუფლად შეგიძლიათ მოახერხოთ ე. წ. „დიზაინერული ხრიკების“ დახმარებით და შესაბამისი ინტერიერის დიზაინის შერჩევით ვიწრო ტიპის სამზარეულო აქციოთ სრულფასოვან და მოხერხებულ სივრცედ.
ვიწრო სამზარეულოსთვის დიზაინის შერჩევა ნამდვილი გამოწვევაა, არა მხოლოდ დიზაინერებისთვის, არამედ ხელოსნებისთვისაც, რომლებმაც დიზაინი რეალობად უნდა აქციონ. მართალია, ბინის მფლობელებს რთული ამოცანის გადაჭრა ხვდათ წილად, მაგრამ სანერვიულო აქ ნამდვილად არაფერია, რადგან ამ ტიპის უამრავი განხორციელებული პროექტის არსებობა ამტკიცებს, რომ  ეგრეთ წოდებული „დერეფნის ტიპის ოთახის“ გარდაქმნა კომფორტულ და სრულფასოვან სამზარეულო ზონად სავსებით რეალურია.


გამორჩეული მახასიათებლები

ვიწრო სამზარეულო არ ნიშნავს პატარა ფართის სამზარეულოს, ის შეიძლება მოცულობით საკმაოდ დიდიც იყოს. სამზარეულო ვიწროდ ითვლება როცა, ოთახის სიგრძე ორჯერ ან მეტჯერ აღემატება მის სიგანეს და ვიზუალურად დერეფანს უფრო წააგავს, ვიდრე სტანდარტულ საცხოვრებელ ოთახს. სამზარეულო რომ ვიწროდ ჩაითვალოს, ამისთვის არ არსებობს რამე სტანდარტული მეტრაჟი, მაგ: ვიწრო სამზარეულოდ ითვლება ფართი, სადაც ძლივს მოთავსდება მინიატურული ზომის სამზარეულოს ავეჯი და ისეთი ფართიც სადაც გარნიტურთან ერთად სრულფასოვანი სასადილო მაგიდა და სხვა აქსესუარებიც თავისუფლად ეტევა. ფართი რომ გავხადოთ სრულფასოვანი ექსპლოატაციისთვის მთავარია მისი სწორად აღჭურვა. მოთხოვნების  ჩამონათვალი კი არც თუ მცირეა, რასაც ამ ტიპის სამზარეულო უყენებს დიზაინის პროექტს.
1. პირველ რიგში, აუცილებელია პროპორციების დაბალანსება, კედლების ვიზუალურად გაფართოება, შეძლებისდაგვარად ჭერის ამაღლება, რაც მეტი ფართის ასოციაციას გამოიწვევს.
2. სამზარეულოს დაპროექტება ისე, რომ აქცენტირება მოხდეს მის მთავარ ფუნქციაზე -  იყოს მაქსიმალურად კომფორტული საკვების მომზადებისთვის, ყურადღება მიექცეს პროცესების ერგონომიკას.
3. როცა ფართი ასეთი სპეციფიკურია, ესთეტიკური მხარე წამყვან პოზიციას იკავებს. მხოლოდ კომპლექსურ მიდგომას შეუძლია დააკმაყოფილოს ყველა  კრიტერიუმი. მომგებიანია, როცა ყველა წვრილმანი წინასწარააა გააზრებული და ავეჯის და ტექნიკის არჩევნი ხდება  წინასწარი გათვლების მიხედვით.


ფერთა შეთანხმება და დასაშვები კომბინაციები

ვიწრო სამზარეულოსთვის ფერების შერჩევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ფერების სწორი კომბინაციის შედეგად შესაძლებელია ვიწრო სამზარეულო ვიზუალურად უფრო ფართო გამოჩნდეს. რაც უფრო მოკრძალებულია სამზარეულოს ზომები, მით უფრო ფრთხილად უნდა მოეკიდოთ შუქ-ჩრდილების მონაცვლეობას. სამზარეულო უგემოვნოდ აჭრელებული რომ არ გამოვიდეს, სჯობს თავი აარიდოთ კონტრასტებს. გამოცდილი დიზაინერები რეკომენდაციას არ იძლევიან შავ - თეთრის კომბინაციის, ეგრეთ წოდებული „ჭადრაკის“ დიზაინის გამოყენებაზე. თუნდაც იმიტომ, რომ ის უკვე ბანალური და მოძველბულია. თვალისთვის გამოკვეთილად შესამჩნევი ელემენტები სჯობს განათავსოთ ვიწრო კედელთან, თუმცა, ხანდახან, აქცენტის გაკეთება დასაშვებია  ცენტრთან, იმ შემთხვევაში, როცა სივრცის ზონირებაა საჭირო.
აქრომატული ფერების კომბინაცია მოგრძო სამზარეულოს ელეგანტურ იერს ანიჭებს. ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გააფორმოთ ფერადი ჭურჭლით და დეკორით. ისეთი ცივი ფერები, როგორიცაა ნათელი ნაცრისფერი, მკრთალი ცისფერი, ბაცი ლავანდა, კრემისფერი და მქრქალი ვერცხლისფერი ადვილად კომბინირდება ერთმანეთში, მაგრამ დასაშვებია მხოლოდ ორი, მაქსიმუმ სამი ფერის კომბინაცია ერთ სივრცეში.



3D რენდერის შექმნა თითოეული დეტალის შესაბამისი შესაძენი კოდით

მეტის გაგება

დიზაინის სტილის შერჩევა

არცთუ ბევრი სტილი შეესაბამება დერეფნის ტიპის სამზარეულოს თავისი განსხვავებული  სპეციფიკიდან გამომდინარე. რაც უფრო პატარაა ფართი, მით უფრო მინიმალისტურ ინტერიერს ითხოვს. მოკრძალებული ფერთა გამა, გლუვი ტექსტურები, ფუნქციური დეტალები, მინიმუმამდე დაყვანილი დეკორი არის გარანტია იმისა, რომ ეს სივრცე იქნება გამოყენებადი დანიშნულებისამებრ.


მოდერნი, იგივე არტ ნუვო

ეს სტილი გაიგივებულია ცხოვრების სწრაფ ტემპთან და XXI საუკუნის ტექნოლოგიების მაღალ განვითარებასთან. ასეთ ინტერიერში ყველაფერი ნათელი, მარტივი და ლაკონურია. პროდუქტი, ჭურჭელი და სამზარეულოს სხვა მოწყობილობების უმეტესი ნაწილი თვალს მოფარებულია და იმალება დახურულ სათავსოებში. თვალსაჩინოდ დატოვებულია მხოლოდ ძალიან საჭირო, ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი ნივთები. ტექნიკა სრულიად ჩაშენებულია, ამის გამო ზედაპირები ასეთ სამზარეულოში ყოველთვის უზადოდ სუფთაა. მიუხედავად მისი მცირე ზომებისა საკვების მომზადება და სხვა პროცესები ასეთ სივრცეში ადვილი, სასიამოვნო და კომფორტულია. მოდერნისტული სტილი მსუბუქი აქრომატული ფერებით არის იდეალური არჩევანი ვიწრო სამზარეულოსთვის.


სკანდინავიური სტილი

ეს სტილი სრულიად გადმოსცემს სკანდინავიური ქვეყნების დამახასიათებელ ტრადიციულ ოჯახურ და შინაურულ ხასიათს. თეთრი და მონაცრისფრო ლურჯი ფერების წყალობით იქმნება დათოვლილი მთების უსაზღვრო სივრცის ასოციაცია. ეთნიკური მოტივები კი უფრო ამძაფრებს სიმყუდროვის აღქმას. მრავლად გამოყენებული ნატურალური ხის მასალა და სამზარეულოს ელემენტები  სამზარეულოს თბილ გარემოდ გარდაქმნის. ეს სტილი  ვიწრო სამზარეულოს განსაკუთრებულ ჰაეროვანებას, სიმსუბუქეს და ოჯახურ მყუდროებას ანიჭებს და იქ ფუსფუსს ნამდვილ სიამოვნებად აქცევს.


ლოფტის სტილი

ეს არის ყველაზე ორიგინალური მიდგომა ვიწრო ტიპის სამზარეულოსთვის. მის არასტანდარტულ მახასიათებლებს კარგად ერგება ამ სტილის ინდუსტრიული შტრიხები. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს აქ, ოდესღაც სამრეწველო სახელოსნო, დერეფანი ან საკუჭნაო მდებარეობდა. აგურის ან ბეტონის უხეში ზედაპირები, ფოლადის მილები და სადენები ღია სივრცეში, ხელით ნაჩორკნი ავეჯი ანუ ის ყველაფერი რაც დამახასიათებელია ლოფტის სტილისთვის, სამზარეულოს ანიჭებს ინდივიდუალურ იერს და მის მფლობელს წარმოაჩენს კრეატიულ, შემოქმედებით და გამბედავ ადამიანად, რომელსაც არ ეშინია დაარღვიოს  მიღებული ნორმები.


პროვანსის სტილი

ეს სტილი თავისი დელიკატური პასტელის ფერებით და ვინტაჟური დეკორით სამზარეულოს წარმოაჩენს დახვეწილად და ქმნის ფრანგული სოფლის რბილ და მყუდრო ატმოსფეროს. ხის ავეჯი შეღებილი ღია მქრქალი ფერებით; შეთეთრებული კედლები და ჭერი; ღია თაროებზე ჩამწკრივებული ფაიფურის ნატიფი ნაკეთობები; ტექსტილი უნაზესი მაქმანებით; პატარა ელემენტები ჩიტების და ყვავილების გამოსახულებებით ფარდებზე ან სამზარეულოს ჭურჭელზე; რაფაზე ჩამორიგებული ფერადი ქოთნები, სადაც დეკორატიულ ყვავილებთან ერთად თავს იწონებენ ორეგანო, ბაზილიკი, ქონდარი თუ სხვა პრაქტიკული დანიშნულების მცენარეები - აი ეს არის არასრული სია, რითიც პროვანსული სტილი ხასიათდება და თავისი დახვეწილობით აქარწყლებს სივიწროვით გამოწვეულ დისკომფორტს.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები