samzareulo-loftis-stilshi
ინტერიერის დიზაინერი

სამზარეულო "ლოფტის" სტილში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

601

0

01.01.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

„ლოფტის“ სტილის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მაქსიმალურად ბევრი სინათლე და თავისუფალი სივრცეა, ამ თვისებების გამო ის იდეალურად მიესადაგება სამზარეულოს დიზაინს. მართალია, „ლოფტი“ შთამბეჭდავად გამოიყურება როგორც დიდ, ასევე მცირე ფართის მქონე სამზარეულოში, მაგრამ რაც პატარაა სამზარეულო, მით უფრო რთულდება სასურველი შედეგის მიღწევა, რადგან „ლოფტი“ თავისთავად გულისხმობს დიდ, დაუტიხრავ სივრცეს, მაღალ ჭერს, ფართო ფანჯრებს, ქარხნის შენობის მასშტაბურ ელემენტებს, უხეშ კედლებს, ლითონის მილებს , მასიურ საყრდენ ბოძებს და ა. შ... მაგრამ არის შემთხვევები, როცა სამზარეულო მცირე ზომისაა, მაგრამ მფლობელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის „ლოფტის“ სტილში იყოს გაკეთებული. დიზაინერებისთვის არც ეს წარმოადგენს დიდ სირთულეს. „ლოფტის“ მისაღებად სულაც არ არის აუცილებელი მიტოვებული ქარხნის ძებნა, რადგან ინდუსტრიული სტილის შექმნა  ჩვეულებრივ ქალაქის ბინაშიც სავსებით შესაძლებელია. ამ შემთხვევაში დიზაინერების რეკომნედაციაა სივრცის ვიზუალურად გაზრდა, აგრეთვე მნიშვნელოვანია ავეჯის, ფერთა პალიტრისა და სამზარეულოს ინტერიერის სწორად შერჩევა.


ლოფტის სამზარეულო

მნიშვნელოვანი დეტალები

სამზარეულოს „ლოფტის“ სტილში მოსაწყობად, საჭიროა შემდეგი მნიშვნელოვანი პუნქტების გათვალსწინება:
1. სასურველია სამზარეულო ოთახი იყოს ფართო, მაღალი ჭერით;
2. სამზარეულოს კედლებსა და იატაკზე არ არის რეკომენდებული ისეთი დეკორატიული საფარი, როგორიცაა შპალერი, თაბაშირის პანელები, ლინოლეუმი და ა.შ...
3. ბეტონის, შეღებილი ან ნატურალური ფერის აგურის, თაბაშირის, ნაჩორკნი უხეში ფიცრების გამოყენება მეტ სიმძაფრეს შესძენს სტილს;
4.  დიდი და მაღალი ფანჯრები აუცილებელი პარამეტრია;
5. უხეში კედლების და დაუფარავი მილების ფონზე დამონტაჟებული ულტრათანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკით შექმნილი უჩვეულო კონტრასტი მნიშვნელოვანი შტრიხია „ლოფტის“ სტილისთვის.
6. რეკომენდებულია ლითონის, მინის, ქვის, თოკისა და მავთულისგან დამზადებული არასტანდარტული, ორიგინალური დეკორატიული ელემენტები;
7. სამზარეულო არ უნდა იყოს გადატვირთული ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და აქსესუარებით. იმისთვის, რომ სტილი შენარჩუნდეს აუცილებელია ბევრი თავისუფალი სივრცე;
8. დიზაინერების რეკომენდაცია ზონირებაა, უმჯობესია თუ ეს გაკეთდება არა ტიხრების, არამედ ინტერიერის ნივთების ან განათების მეშვეობით;
9. სრულყოფილი „ლოფტის“ მისაღებად უკეთესია თუ სამზარეულო ზედა სართულზე ან სხვენში იქნება განთავსებული.

შეარჩიეთ სასურველი დიზაინი

მეტის გაგება


ლოფტის განათება

ფერი და განათება

ფერი განსაზღვრეთ ცივი ბუნებრივი ჩრდილებით - ნაცრისფერი, თეთრი, კრემისფერი, ბაცი იასამნისფერი. ჭერსისთვის რეკომენდებულია თეთრი ფერი, აგრეთვე საინტერესო ვარიანტია ნაცრისფერი ბეტონის ფილები დასრულების გარეშე. ჭერის დეკორისთვის იდეალურია უხეში ხის კოჭები. აგურის კედელი ან მისი იმიტაცია ლოფტის სტილის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ის შეგიძლიათ აქციოთ აქცენტირებულ კედლად, რომელსაც გადაღებავთ სასურველ ფერში. მცირე ფართის შემთხვევაში უმჯობესია გამოიყენოთ ღია, ნათელი ფერები. ფართო სამზარეულოსთვის შეგიძლიათ თამამად შეარჩიოთ მუქი ტონები.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფანჯრებს, საიდანაც, რაც შეიძლება მეტი დღის სინათლე უნდა იღვრებოდეს სამზარეულოში. ამ სტილისთვის ფარდები რეკომენდებული არ არის, მაგრამ თუ აუცილებლობა მოითხოვს, მაშინ დასაშვებია ბამბუკის ან რომაული ფარდა - ცივი, აქრომატული ფერების კომბინაციით. აგრეთვე მისაღებია ჟალუზების ვარიანტიც.
დღის სინათლის გარდა აუცილებელია ხელოვნური განათების დამონტაჟება. რაც უფრო მრავალფეროვანი და ორიგინალური იქნება განათება, მით უკეთესი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მინი პროჟექტორები.


ლოფტი
დადებითი და უარყოფითი მხარეები

როგორც ყველაფერს, „ლოფტსაც“ აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია:

დადებითი მახასიათებლები:

1. ნებისმიერი კომუნიკაცია - მილები, ხის კოჭები, აგური და ა.შ... შეგიძლიათ დატოვოთ როგორც არის და მათ შენიღბვაზე არ დახარჯოთ დრო და თანხები;
2. „ლოფტის“ ბუნებრივი განათება, ნათელი და ფართო სივრცე ყოველთვის ხელს შეუწყობს პოზიტიური განწყობის შექმნას;
3. გამოიყენეთ სამრეწველო მიმართულების ნებისმიერი დეტალი: რაც მეტია ორიგინალური დიზაინის ელემენტები, მით უფრო ახლოს ხართ „ლოფტთან“;
3. სამზარეულოს ინტერიერისთვის თამამად შეარჩიეთ დაზიანებული ნივთები ბზარებით, ჟანგით, ნაკაწრებით - ამით კი არ დააკნინებთ, პირიქით, კრეატივს შეიტანთ დიზაინში და სტილს მიანიჭებთ უნიკალურ გარეგნობას;
4. „ლოფტის“ სტილი სამზარეულოში - ეს ცალსახა მინიშნებაა მისი მფლობელის შემოქმედებით და ორიგინალურ ხასიათზე;
5. თუ  გიზიდავთ ბობოქარი ცხოვრების რიტმი, გთრგუნავთ დაბალი ჭერი და ვიწრო სივრცე, არ გიყვართ საზღვრები არც ურთიერთობებში და არც სივრცეში, მაშინ „ლოფტი“ თქვენი სტილია.

სამზარეულო "ლოფტის" სტილში

„ლოფტის“ მინუსები:

1. „ლოფტის“ სტილი არაკომფორტულია ისეთი წყვილებისთვის, ვისთვისაც მთავარი მყუდრო ოჯახური ატმოსფეროა, სადაც მშვიდ საღამოებს გაატარებენ ბავშვებთან ერთად. დიზაინი გათვლილია  შემოქმედებით, ენერგიულ და აქტიურ ადამიანებზე.
2. „ლოფტის“ დიზაინი ნაკლებად მიმზიდველია მელანქოლიკებისთვის - მინიმალური კედლებისა და მაქსიმალურად ღია სივრცის გამო გაუჭირდებათ მოძებნონ კუთხე განმარტოებისთვის.
3. ღია სივრცეში რთულია  „თვალს მიაფარო“ სხვადასხვაგვარი ხარვეზი, არეულობა და უსუფთაობა, ამიტომ დალაგება იმაზე ხშირად მოგიწევთ, ვიდრე სხვა სტილის სამზარეულოში იქნებოდა საჭირო.
4. როგორც წესი, რემონტის ღირებულება ბევრ სხვა სტილთან შედარებით გაცილებით ძვირი ჯდება.
5. შენობებიდან, სადაც განთავსებულია "ლოფტი", დიდ ხანს არ გადის ხოლმე ძველი დაბინძურების კვალი. მომწამლავი ნარჩენები შეიძლება წლების განმავლობაში დარჩეს კედლებში და გამოყოს მავნე ნივთიერებები, შესაბამისად, ასეთი საცხოვრებლის ეკოლოგიურობა ხშირად ეჭვქვეშ დგას.
6. „ლოფტი“, როგორც წესი, არის დაუტიხრავი, ერთიანი სივრცე, მაღალი ჭერით და დიდი ფანჯრებით, ამიტომ მისი გათბობა - კონდიცირებით უზრუნველყოფა არა მარტო სირთულეებთან, არამედ საკამოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
7. ფართის სიდიდის გამო ხმის იზოლაციის გაკეთებას მნიშვნელოვანი ხარჯები სჭირდება.


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები