avedji-rokokos-stilshi
ავეჯის დამზადება

ავეჯი როკოკოს სტილში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

707

0

03.04.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

როკოკოს სტილის ავეჯი საფრანგეთში მე-18 საუკუნეში გამოჩნდა და ბუნებრივად ჩაანაცვლა ბაროკოს სამეფო ავეჯის პრეტენზიული ფუფუნება ისე, რომ შეინარჩუნა მისი მდიდრული ვიზუალი და ნატიფი ხაზები. დროთა განმავლობაში როკოკოს ავეჯმაც განიცადა სახეცვლილება: ასიმეტრია დომინანტურ ხაზად დარჩა, მაგრამ ზოგიერთი ხვეულები, ყვავილები და თაიგულები, რომლებიც დეკორატიულ ყვავილოვან ორნამენტებში იყო განლაგებული, უფრო თავისუფლად  განთავსდა მაგიდების, სავარძლებისა და კომოდების ზედაპირზე. კლასიკური ორნამენტები თანდათან ჩანაცვლდა დახვეწილი არაბესკით.
თავიდან სტილს აკრიტიკებდნენ და ცხვირაბზუებით საუბრობდნენ, მისი გადაჭარბებული დეკორატიულობისა და „სულელური“ თემატიკის გამო, მაგრამ „როკოკო“ თავისი დახვეწილი და მდიდრული ვიზუალის წყალობით, მცირე დროში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად სტილად იქცა.


ვის შეეფერება როკოკოს სტილის ავეჯი?

ელეგანტური და მსუბუქი ავეჯი მოხრილი ფეხებით, რომელიც დაფარულია ჩუქურთმებითა და მიმზიდველი დეკორატიული ორნამენტებით, შეეფერება დახვეწილი გემოვნების მქონე ადამიანებს, ვისთვისაც ფუფუნება და მდიდრული ვიზუალი ძალიან მნიშვნელოვანია. სტილი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს დაივიწყოს რეალური სამყაროს ყველა საზრუნავი, დატკბეს გარემომცველი რეალობის სილამაზითა და სიმდიდრით. სტილი იწვევს  ზღაპრული სამყაროს ასოციაციას სადაც ყველა ბედნიერია, ცეკვავს და უზრუნველად პოზირებს. ამ შთაბეჭდილებას ხაზს უსვამს დეკორის ძირითადი თემებიც: მითოლოგია, ეგზოტიკა, ეროტიკული სცენები, მომღიმარი კუპიდონები, მოჭარბებული ფუფუნება და ოქრო.
როკოკოს სტილის ავეჯი უმეტესად იქმნებოდა ქალთა მოთხოვნების გათვალისწინებით, მორგებული მათ შინაგან სამყაროზე, კომფორტზე, სიამოვნებასა და მღელვარებაზე. მაგალითად, დასაჯდომ ავეჯზე მცირე ჩაზნექილობა გათვლილი იყო მაღალი ვარცხნილობის მფლობელებისთვის. მცირე ზომის მაგიდებზე მიმაგრებული ბორბლები აადვილებდა და კომფორტულს ხდიდა მათ გადაადგილებას.

როკოკოს ავეჯი


ავეჯი მილიმეტრის სიზუსტით!

მეტის გაგება

მთავარი მახასიათებლები

სახელწოდება "როკოკო" ("rocialle") ითარგმნება ფრანგულიდან როგორც "ნიჟარა", მაგრამ მისი განმარტება დეტალურად უფრო აღნიშნავს ობიექტს ხვეულის სახით. ამდენად, როცა ინტერიერის სტილზე ვსაუბრობთ, სწორი იქნება სიტყვა "rocialle" -ს თარგმნა როგორც "დახვევა". ამ სტილის ძირითადი მახასიათებლებია:
1. ასიმეტრია და მომრგვალებული ფორმები;
2. დეკორატიული ელემენტების სიმრავლე;
3. სიკაშკაშე და ჩრდილების მდიდარი პალიტრა;
4. ფუფუნება და მდიდრული ვიზუალი;
5. ელეგანტურობა;
6. რთული ჩუქურთმა და ორნამენტი;
7. მორგებული სუსტი სქესის წარმომადგენლების კომფორტზე.


როკოკო

ავეჯის მრავალსახეობა

დივანი, სავარძელი, კონსოლები, სეკრეტერი, ბიურო, კომოდი, შეზლონგები - ეს როკოკოს სტილის ავეჯის ყველაზე პოპულარული სახეობებია. მათი საერთო მახასიათებელი კი გრაციოზული ფორმები, სიმსუბუქე, ფუფუნება, მოოქროვილი დეტალები, მობილურობა და კომფორტული დიზაინია.

სეკრეტერი

ის დღესაც საკმაოდ მოთხოვნადია, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. მიეკუთვნება მრავალფუნქციური ავეჯის კატეგორიას. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც საწერ მაგიდად, ასევე სეიფად და გარდერობად. სეკრეტერი არის მოწყობილობა უამრავი საიდუმლო განყოფილებით, რომლებიც აღჭურვილია საკმაოდ ძნელად გასახსნელი მექანიზმებით. ასეთი მოწყობილობის საჭიროება მოიტანა დრომ, როცა ფორმირდებოდა ამ სტილის ავეჯი. როკოკოს ეპოქა ხომ ცნობილია თავისი ინტრიგებით, ფარული სასიყვარულო მიმოწერებით და ტაბუდადებული ისტორიებით. ასეთ საიდუმლო უჯრებში პოულობდნენ საიმედო ადგილს ამ ტიპის წერილები და დოკუმენტები. დღესდღეობით ამის საჭიროების არქონის გამო, სეკრეტერმა დანიშნულება და ვიზუალი იცვალა, მაგრამ ის კვლავ რჩება პოპულარულ ავეჯად, რომელსაც უფრო კარადის ფუნქცია აქვს და მის გადმოსაწევ თაროს იყენებენ როგორც სამუშაო ზედაპირს.


სეკრეტერი


კონსოლები

რაღაც კუთხით დეკორატიულ ტიპს განეკუთვნება, მაგრამ ის მაინც სრულფასოვანი ავეჯია და ასრულებს მაგიდის, კვარცხლბეკის ან თაროს აუცილებელ ფუნქციებს. მასზე განთავსებული სუვენირები, ვაზები, ქოთნები, სამშვენისები, ფაიფურის ფიგურები და სხვა დანიშნულების ნივთები ვიზუალურად გაცილებით მომგებიანად გამოიყურება და უფრო ლამაზი ჩანს, ვიდრე მის გარეშე იქნებოდა.
კონსოლი სხვადასხვა ოთახს სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლიათ მოარგოთ, მაგალითად: მისაღებ ოთახში გამოიყენოთ სუვენირების მაგიდად, შემოსასვლელში - ქუდების და გასაღებების შესანახად, სააბაზანოში - აბაზანის აქსესუარებისთვის, საძინებელში კი კოსმეტიკური ნივთებისთვის. კონსოლი შეგიძლიათ დაამონტაჟოთ კედელზე ან განათავსოთ რბილი ავეჯის ან ბუხრის მიმდებარედ.


კონსოლი

დივანი და სავარძლები

როკოკოს დივანი ელეგანტურ და მდიდრულ ვიზუალთან ერთად კომფორტულიცაა.  მისი რბილი ზედაპირი ხშირად დაფარულია ატლასის ან აბრეშუმის რთულორნამენტებიანი ძვირფასი ქსოვილით. ხის საზურგეს და სახელურებს ამშვენებს კლასიკური ხვეული ფორმის ყვავილოვანი ორნამენტები ან დახვეწილი არბესკი. გამორჩეულად პოპულარულია დივანი კანაპე. კანაპე ერთგვარი დივანია, რომელიც მცირე ადგილს იკავებს. ის მისწრებაა პატარა ბინების გასაფორმებლად. ეს არის პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ერთმანეთთან დაკავშირებული სამი დასაჯდომის სახით.
როკოკოს სავარძელი პოპულარობით არ ჩამოუვარდება დივანს. მას აქვს კომფორტული დასაჯდომი საკმარისი სიღრმით, მოხერხებული საზურგე, მოხრილი მოჩუქურთმებული ფეხები. მისი რბილი, მორკალული სახელურები ხშირად დაფარულია ორნამენტებით. ყველაზე პოპულარული სახეობაა სავარძელი „მარკიზი“.


დივანი

ბიურო

ეს არის მაგიდის ერთ-ერთი სახეობა ზედა ნაწილის ასიმეტრიული დასრულებით, რომელზეც განთავსებულია ზედა ასახდელი კონტრუქცია. სეკრეტერის მსგავსად ის ავეჯის მრავალფუნქციურ ტიპს განეკუთვნება. მისი მცირე ზომის და კომპაქტურობის წყალობით შესანიშნავად ერგება პატარა ფართის მქონე ოთახის ინტერიერს.


ბიურო

კომოდი

კომოდი არის დაბალი კარადა უჯრებით, რომელიც განკუთვნილია თეთრეულისთვის, სხვადასხვა წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის და ა.შ... თავიდან, მის დასამზადებლად გამოიყენებოდა მხოლოდ მარმარილო. „როკოკოს“ კომოდის ფორმა იმეორებს აღმოსავლური სტილის დახვეწილ ფორმებს, ოღონდ უფრო მეტად მომრგვალებული და პლასტიკურია. კომოდის ბრტყელი ზედაპირი უმეტესად ბოლოვდება ტალღოვანი კიდეებით და ყველა მხარეს გამოზნექილი გვერდებით, რის გამოც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს რაღაცით გაბერეს. გამოზნექილი გვერდების ფორმა ორგვარია: სერპანტინი (ვერტიკალური დახრით) და რომბი (ჰორიზონტალური დახრით). როკოკოს სტილის კომოდს აქვს ორი ან სამი უჯრა. ხშირად ეს უჯრები ისეა მოხატული, რომ უჯრის გადაბმის ადგილი შეუმჩნეველი რჩება. კომოდს, აგრეთვე, ერთიან იერს აძლევს ფაიფურის ჩანართების გამოყენება.


კომოდი


მასალა

ავეჯისთვის გამოიყენება ევროპაში იმპორტირებული ეგზოტიკური ღია ფერის ხის ჯიშები, როგორიცაა: ამარანტი, ვარდის ხე, მანგო. ევროპული ჯიშებიდან უპირატესობა ენიჭება ნეკერჩხალს, ცაცხვს, კაკალს, ლიმონს და ა. შ.. ხის გარდა წარმატებით გამოიყენება ლითონი (ძირითადად საწოლების დასამზადებლად), კერამიკა, მარმარილო, ფაიფური, ბრინჯაო, ოქრო და ა. შ...
დეკორაციისთვის უკვე იშვიათად იყენებენ ხის ჩუქურთმას, ის ეფექტურად ჩაანაცვლა ბრინჯაომ. ავეჯის ზედაპირი ხშირად მუშავდება ფერადი ლაქებით და დეკორირება სრულდება მოოქროვილი კვეთის გამოყენებით. რბილი ავეჯისთვის გამოიყენება ძვირფასი ბუნებრივი ქსოვილები, რომელიც უპირატესად პრიალაა და იდეალურად ერწყმის ინტერიერს, ესენია: ატლასი, ფარჩა, მოხატული აბრეშუმი, ხავერდი. ფარდებისთვის გამოიყენება აბრეშუმი და გობელინი ოქროს ნაქარგებით პასტელის ფერებში.


როკოკოს საძინებელი


ფერთა გამა

შეფერილობა - პასტელური;
* ძირითადი ფერები - ბაცი ვარდისფერი, მსუყე ცისფერი, მარმარილოსფერი, კრემბრულე, ნაღები, ღია ყვითელი;
* დამატებითი ფერები - სადაფისფერი, მარგალიტი, ნაზი იასამნისფერი;
* წარმატებული კომბინაციებია - თეთრი ცისფერთან, ოქროსფერი ვარდისფერთან, რძისფერი სალათისფერთან;
მოჭარბებული ოქროსფერის გამოყენებით კეთდება აქცენტი დიზაინის მთავარ ელემენტებზე. პასტელის  ნაზი ტონებით ხდება ინტერიერის ფონის გამოყოფა.


ფერთა გამა - როკოკო


                                                                                        კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები